ერეკლე II
საქართველოს გაერთიანების მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პლატონ იოსელიანის მონათხრობის თანახმად, 1790 წელს, ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები და ქართლ–კახეთის სამეფოსთან, იმერეთის მიერთება შესთავაზეს. ერეკლემ, ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ამ წინადადებაზე უარი თქვა. დღეს ძნელია შეაფასო ერეკლეს ეს ნაბიჯი. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, თურქეთი დასავლეთ საქართველოზე ბატონობდა, რუსეთიც არ იყო მომხრე ამ გაერთიანებისა. ერეკლეს უარის მიზეზი შესაძლოა ყოველივე ეს იყო, და არა დარეჯან დედოფლის ახირება, რათა იმერეთის ტახტი, მის შვილიშვილს დავით არჩილის ძეს, (შემდგომში სოლომონ II) დარჩენოდა.
ცოტა ხანში გაფორმდა „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისა აღწერილი სამეუფეოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა“. ამ ტრაქტატის თანახმად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II, იმერეთის მეფე სოლომონ II, ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი და გურიის მთავარი სიმონ გურიელი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობის და მტრის წინაამღდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულებას დებდნენ. ტრაქტატის ძირითადი ფიგურა ერეკლე იყო
ერეკლეს შვილიშვილის, სოლომონ მეორის გამეფებით იმერეთში, ერეკლეს გავლენა დასავლეთ საქართველოში გაიზარდა. ერეკლე და სოლომონი ერთიან, ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ.
რუსეთთან კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი, ერეკლე II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას და მის სამეფოს გარეშე მტრებისგან დაიცავდა, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები გააქტიურდნენ და კვლავ დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად.
შეუძლებელია, დღეს განსაზღვრო შეინარჩუნებდა თუ არა ქართლ–კახეთის სამეფო დამოუკიდებლობას, რომ არ ყოფილიყო დადებული ტრაქტატი, ძნელია გაამართლო ან გაამტყუნო ერეკლე რუსეთთან კავშირის გამო. მალე გამოიხატა, რომ რუსეთი, ტრაქტატის თანახმად მიღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა. ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირის კატეგორიული წინაამღდეგი იყო ირანი და ოსმალეთი, აგრესიით განეწყვნენ მეზობელი მაჰმადიანური სახანოები. კავკასიაში რუსეთის გამოჩენა ევროპის ქვეყნებისთვისაც მიუღებელი იყო. თუმცა ერეკლეს მაინც ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერის იმედი.
ერეკლე ხვდებოდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას შეეძლო უზრუნველყო საქართველოს მომავალი წარმატებები. ქართული ჯარის ევროპულ ყაიდაზე გასაწყობად სესხის აღებაც უნდოდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან, მაგრამ ევროპა, იმ დროს ნაკლებად იყო დაინტერესებული ამ მხარით. ევროპისკენ მიმავალ გზად კი ერეკლე რუსეთთან ურთიერთობაში ხედავდა. აშკარა იყო რომ მეზობელი სამი დიდი სახელმწიფოდან, როგორებიც იყო თურქეთი სპარსეთი და რუსეთი, თითეული ცდილობდა დაეპყრო საქართველო. ისიც გამოიკვეთა, რომ საქართველოს დიდი ხნის თავისუფლება არ ეწერა. საქართველოს დამონებისათვის მიმდინარე ბრძოლაში საბოლოოდ რუსეთმა გაიმარჯვა, რომელიც აგრესიით მოიწევდა ამიერკავკასიისაკენ და ჩანდა, რომ მის გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
რუსეთთან კავშირის გამო აითვალისწუნა და გაწირა იმდროინდელმა გავლენიანმა სამყარომ აღმოსავლეთ საქართველო. ბედის მწარე დაცინვა კი ის იყო, რომ რუსეთი არამც თუ არაფერს აკეთებდა საქართველოს საკეთილდღეოდ,არამედ ხელს უწყობდა საქართველოს თვითმყოფადობის უნარის დაკარგვას, რათა შემდგომში მისი დაპატრონება არ გაჭირვებოდა.
No comments:
Post a Comment